სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ემერიკ დუპონმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. ასევე, ჩვენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი მოლოდინები ნათლად დავაფიქსირეთ, რაც გულისხმობს დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, ასევე, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებას. ასევე, ველით, რომ ევროკავშირისა და ელჩების წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყდება“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც საგარეო პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება“.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე შემცირდა. ველით, რომ საქართველო ევროკავშირთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების თავიდან არიდება არ დაუშვას. ასევე, აღვნიშნავთ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ მზად ვართ საქართველოს დემოკრატიულ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.