დღეს ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება - Palitra News

დღეს ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება

2026-02-26 08:39:33+04:00

ირანი და აშშ დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ, რომლის მიზანი მათი დიდი ხნის ბირთვული დავის მოგვარება და ირანზე აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილებაა.

Reuters-ი წერს, რომ ორმა ქვეყანამ ამ თვეში მოლაპარაკებები იმ იმედით განაახლა, რომ მოაგვარებენ ათწლეულების განმავლობაში არსებულ ჩიხს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ვაშინგტონის, სხვა დასავლური სახელმწიფოების და ისრაელის აზრით, ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც თეირანი უარყოფს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, რომელიც ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალბუსაიდის შუამავლობით გაიმართება, აშშ-ის მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ მხარეებთან სასაუბროდ ჟენევაში ჩავა ატომური ენერგიის საერთაშორსო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსიც.

გუშინ კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ამჯობინებს, თუმცა თეირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

აშშ ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი სამხედრო ძალის თავმოყრას ახორციელებს, რაც უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შიშს იწვევს. გასული წლის ივნისში აშშ ისრაელს შეუერთდა და ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ირანი აცხადებს, რომ სასტიკად უპასუხებს, თუ აშშ თავდასხმას კვლავ განახორციელებს.