ისრაელის ელჩი - თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათება არ იყო ჟესტი ირანელი ხალხის მიმართ, ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ, რადგან აღინიშნებოდა რეჟიმის 47 წელი - ეს იყო არასწორი მას შემდეგ, რაც ჩვენ ირანში ვიხილეთ - Palitra News

ისრაელის ელჩი - თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათება არ იყო ჟესტი ირანელი ხალხის მიმართ, ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ, რადგან აღინიშნებოდა რეჟიმის 47 წელი - ეს იყო არასწორი მას შემდეგ, რაც ჩვენ ირანში ვიხილეთ

2026-02-26 12:52:29+04:00

არ ვიცი და ჩემი ინტერესის საგანი არც არის, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებით და რატომ - ჩემს თვალში ეს იყო არასწორი ჟესტი განსაკუთრებით ამ წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ირანში, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც თბილისის ანძის ირანის დროში ფერებში განათებას გამოეხმაურა.

ისრაელის ელჩი მიიჩნევს, რომ ანძის განათება არ იყო ჟესტი ირანის ან ირანელი ხალხის მიმართ, არამედ ეს იყო ჟესტი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ და ის აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით დუმილს ვერ შეინარჩუნებდა.

„ჩემი პროტესტი შეეხებოდა თავად ქმედებას - ეს იყო 47 წლისთავის აღნიშვნა ამ ტერორისტული რეჟიმისა, რომელიც ზის ირანში და გვებრძვის ჩვენ ყველგან. მე არ შემეძლო ჩუმად დავრჩენილიყავი და კომენტარი არ გამეკეთებინა აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომ პროტესტი არ გამომეთქვა. მე ვიცი, რომ საქართველოსა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, ირანის საელჩო არის თბილისში, მე არ ვერევი საქართველოს საგარეო ურთიერთობაში, მის ორმხრივ ურთიერთობაში სხვა ქვეყანასთან. მთაწმინდის ანძის შემთხვევაში, მე პიროვნულად, ისევე როგორც ისრაელის მოქალაქემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ვიგრძენი, რომ ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ, ეს არ იყო ჟესტი ირანის ან ირანელი ხალხის მიმართ. რადგან ეს არის რეჟიმის 47 წელი, რომელიც ხოცავს ისრაელელებს და ხოცავს ირანელებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ხოცავს ისრაელელებს ისრაელში და ბევრ სხვა ადგილას მსოფლიოში. ისინი აკეთებენ ყველაფერს, მთელს ძალისხმევას დებენ ისრაელელების მკვლელობაში და ასევე, ხოცავენ უდანაშაულო ირანელებს. ამიტომ მე ვიგრძენი, რომ პროტესტი უნდა გამომეთქვა ამ ჟესტის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნოდა ეს გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ არც იმას, რატომ გააკეთა ხელისუფლებამ ის ან ეს, უბრალოდ, ჩემს თვალში ეს იყო არასწორი ჟესტი განსაკუთრებით ამ წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ირანში“,- განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ცნობისთვის, 11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ საქართველოში მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც გამოხატა პროტესტი, მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: „რა გზავნილია ეს, მაშინ როდესაც ირანის მკვლელი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში კი გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით?“.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ გზავნილი ძალიან მარტივია - „როდესაც შემოდის თხოვნა ანძის განათებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ნათდება ანძა.“