40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მოუსმენია ის, თუ რას დაეფუძნება ეს შეფასებები.
„დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან POSTV-ის ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რაიმენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა რომ გითხრათ, რომ ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ. კონკრეტული მაგალითები მე ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.