კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადება საფრთხის მომასწავლებელია ფინანსისტებისთვის. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ, „იმედისა“ და „პოს ტვ“-სთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვას ნათია თურნავა ამგავარდ პასუხობს, რომ „ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სებ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად მოუწოდა საქართველოს კომერციულ ბანკებს, რომ ბრიტანული სანქციები არ აღასრულონ. ამ საკითხს ბიზნესმენი ფადი ასლიც ეხმაურება და ამბობს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც ქართული ბანკები არიან დალისტული, არ იძლევა იმუნიტეტს. „თუ ეროვნული ბანკი ამ პოზიციას შეინარჩუნებს და ბანკებს სანქციების უგულებელყოფისკენ მოუწოდებს, შედეგები შეიძლება სწრაფი და მძიმე იყოს. დასაწყისისთვის, ქართული ბანკები შესაძლოა გლობალური ფინანსებისგან იზოლირებული აღმოჩნდნენ. სანქციების მიმართ ფრთხილი საერთაშორისო პარტნიორები კავშირებს გაწყვეტენ, საზღვრისპირა ტრანზაქციებს შეაჩერებენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკორესპონდენტო საბანკო მომსახურებაზე წვდომას შეუზღუდავენ.“- წერს ბინზმესმენი. მოგეხსენებათ, რომ 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. ამას კი წინ უძღოდა იმედის გასხვისება სიმბოლურ 1000 ლარად, გუშინ კი ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა უკვე სამეთვალყურეო საბჭოც დატოვა.