იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის 67% რუსეთზე მოდიოდა - Palitra News

იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის 67% რუსეთზე მოდიოდა

2026-02-26 13:49:15+04:00

იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის 67% რუსეთზე მოდიოდა. 2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად შემცირდა, მოხმარება კი გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ მიმოხილვაშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, წელს იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდეა შემცირებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ამავე პერიოდში, წლიურად 17.9%-ით, 1,439 გვტ. საათამდე გაიზარდა. როგორც „თიბისი კაპიტალი“ განმარტავს, მოხმარების ზრდის ძირითადი მიზეზი, საცალო მოხმარების შემთხვევაში , ცივმა ამინდებმა განაპირობა, ხოლო პირდაპირი მოხმარების ზრდა ფეროშენადნობების და კრიპტომაინინგის კომპანიების გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია. მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კილოვატ საათზე 6 დოლარდა 23 ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 7.8%-იანი ზრდაა . ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურ ჭრილშიც გაზრდილია და ზრდამ 4.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22.5 მილიონი დოლარის ღირებულების 576 გვტ. საათი ელექტროენერგია.

ამასთან, იმპორტის 67% რუსეთიდან, 21% თურქეთიდან, 11% სომხეთიდან, ხოლო მცირე, 1%-მდე მოცულობა საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო . მიმოხილვის მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული 389 გვტ . საათი ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი, 220 გვტ . საათი, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იქნა გამოყენებული. მიმდინარე წლის იანვარში, ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ ჯამურად 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.