ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს - Palitra News

ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

2026-02-26 13:54:49+04:00

ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ დღეს მხარეები მხოლოდ ბირთვულ საკითხს განიხილავენ.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: სანქციების მოხსნა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება“, - აღნიშნა ბაღაიმ.

ცნობისთვის, ირანთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს შეხვდებიან.