ლევან იოსელიანმა რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი, ელისო კილაძე და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა - Palitra News

ლევან იოსელიანმა რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი, ელისო კილაძე და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა

2026-02-26 14:27:31+04:00

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და მათ შორის, ბრალდებულები: ელისო კილაძე, მზია ამაღლობელი და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

„საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.

სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.