თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო - ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი.
“დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული. ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელსაც ქართველმა ხალხმა გასული ორი წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარი ნდობა, ხოლო, მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა, არაფერი აწუხებს. ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ, სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია - მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა.
ლოგიკურია, რომ ისინი მხოლოდ უცხოელი პატრონებისგან ელიან შველას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ არათუ ძალიან უჭირთ, არამედ, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არა ქართველი ხალხის, არამედ, უცხოელი პატრონების მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კი, უტყუარად გვასწავლა, რომ ყველა პასპორტით ქართველმა, რომელიც ამ ქვეყანაში უცხო ძალების მხარდაჭერით და მითითებებით შემოვიდა და მოქმედებდა, მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და მონობა მოიტანა.
რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას. ამ ფონზე, გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე”, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო.