დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წლით განისაზღვრება - Palitra News

დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წლით განისაზღვრება

2026-02-28 12:53:14+04:00

დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია ნათქვამი. დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ცვლილება გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდა. კონცეფციის მიხედვით, დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. გადაწყვეტილება მშობლებთან ნაწილში პროტესტს იწვევს. მათი სურვილია, მთავრობამ წელს გამონაკლისი დაუშვას და ცვლილებების ამოქმედება გადავადდეს.