გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.
ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.
ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთანკონსულტაციის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.
მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები”, - განაცხადა მიქანაძემ.