გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი მას ამ ავტომობილში, მაგრამ, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ იქ აღმოჩნდებიან, საიდანაც ვითომ აღდგნენ - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი მას ამ ავტომობილში, მაგრამ, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ იქ აღმოჩნდებიან, საიდანაც ვითომ აღდგნენ

2026-03-03 12:20:22+04:00

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმაოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გაერთიანება თავშივე განწირულია, რადგან ეს არ არის ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანება.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლო, მყარი მტკიცებულებით, ამ ცხრა პარტიიდან უმრავლესობას, ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადებს.

„ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი - „ნაცმოძრაობის" სახით, ჯერ კიდევ 2012 წელს დაშლილებში ჩააბარა, მაგრამ დაშლილების ნაწილებიდან ისინი ყოველ ჯერზე, არჩევნებზე, აწყობდნენ და აკოწიწებდნენ, რათა არჩევნებამდე მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, 10-ჯერვე დამარცხდნენ და დაშლილებში ჩაბარდნენ. ახლა დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო და ეს ნიშნავს, რომ ის ავტომობილი „ნაცმოძრაობის" სახით, ვერასოდეს აღდგება, რადგან დაშლილებშიც აღარ იბარებენ. თავად ის ფაქტი, რომ გაერთიანებას არავისთან და ვერავისთან ვერ ახერხებენ, რამდენიმე თვე რომ უნდებიან იმის თქმას, გავერთიანდითო და საუბარი არ არის იმაზე, რაზე გაერთიანდნენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ასეთი სახის ავტომობილი მიზანს ვერასდროს მიაღწევს. ახლა ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია. სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ. ეს არის მოცემულობა. ამას ვერაფერი უშველის, მით უფრო, როცა ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მყარი მტკიცებულებით ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადებს ამ ცხრა დაშლილიდან უმრავლესობას. მიხეილ სააკაშვილი დაშლილებშიც არ აღმოჩნდა, საერთოდ დაშლილების გარეთაა, რადგან არავინ ახსენა და თავად თქვა, ამ დაშლილებში მეც ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი, რომ რამდენიმე ნაწილი მაინც შეგვეკოწიწებინაო. დაშლილ „ნაცმოძრაობას" ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია გააჩნია, რომელსაც წერტილს საკონსტიტუციო სასამართლო დაუსვამს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.