აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამწუხაროა იმის დანახვა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორიც იყო.
ტრამპის თქმით, არასდროს ელოდა, რომ ოდესღაც „ყველაზე მყარი“ ურთიერთობები ასე შეიცვლებოდა.
„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც იყო“, - განუცხადა ტრამპმა გამოცემა The Sun - ს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში ომის წარმოებისთვის, თუმცა დასძინა: „ამას მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ (სტარმერი) უნდა დაგვხმარებოდა. ვგულისხმობ, რომ საფრანგეთი შესანიშნავი იყო. ყველა მათგანი შესანიშნავი იყო. დიდი ბრიტანეთი სხვებისგან ბევრად განსხვავებული იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერით, რომელმაც, მისი თქმით, მას დიეგო-გარსიას ბაზის ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოყენებაში ხელი შეუშალა. ტრამპის ამ განცხადებას კირ სტარმერი გამოეხმაურა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა თავისი უთანხმოება ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ ჩავრთულიყავით თავდაპირველ დარტყმებში, მაგრამ ჩემი მოვალეობაა განვსაჯო, რა არის ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში. ეს არის ის, რაც მე გავაკეთე და მე ამას ვიცავ“, - აღნიშნა სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების მხარდაჭერაზე თავდაპირველად უარი თქვა, თუმცა კვირას ღამით განაცხადა, რომ ნებას რთავს აშშ-ს, ბრიტანული სამხედრო ბაზები თავდაცვითი დარტყმებისთვის გამოიყენოს.