საპარლამენტო უმრავლესობა „გრანტების შესახებ“ კანონსა და კიდევ 6 სხვადასხვა კანონში ცვლილებების მიღებას დღეს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით გეგმავს - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობა „გრანტების შესახებ“ კანონსა და კიდევ 6 სხვადასხვა კანონში ცვლილებების მიღებას დღეს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით გეგმავს

2026-03-04 09:21:00+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა „გრანტების შესახებ“ კანონსა და კიდევ 6 სხვადასხვა კანონში ცვლილებების მიღებას დღეს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით გეგმავს.

ინიციატივის მიხედვით, გრანტად ჩაითვლება როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით მიღებული ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას შეიძლება მოხმარდეს. ცვლილებების პაკეტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატებას სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ამ მუხლის თანახმად, მასობრივად კანონდარღვევისკენ მოწოდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მმართველი პარტია აღნიშნულ ცვლილებებს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების შესაძლო ჩარევის პრევენციით და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის.

ოპოზიცია კი ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებს და მას „დრაკონულ“ და „რეპრესიულ“ საკანონმდებლო პაკეტად აფასებს. მათი შეფასებით, ცვლილებების ძალაში შესვლამ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს, ვიდრე ე.წ. „რუსულმა კანონმა“.