საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
ფაშინიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი - ერთობლივად უხელმძღვანელებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მინისტრების ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის მისი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. ამ ფორმატში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებს, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.
შეხვედრებზე ასევე შეაჯამებენ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განსაზღვრავენ.
ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.