ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება სწრაფად ფართოვდება, პროცესში კი სულ უფრო აქტიურად ერთვება აშშ-იც. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიშების ახალი ეტაპი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმები მიმართულია რაკეტების გაშვების პოზიციებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანმა გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევების ახალი ტალღა განახორციელა. ამავდროულად, ირანი რეგიონში მდებარე ამერიკულ ობიექტებს უტევს. ქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, დუბაიში ამერიკის საკონსულოსაც დრონით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების რისკების გამო, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობას ამცირებს.