მეხუთე დღე ,,ეპიკური მრისხანების’’ სახელით ცნობილი ოპერაციიდან და კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას გასცდა - Palitra News

მეხუთე დღე ,,ეპიკური მრისხანების’’ სახელით ცნობილი ოპერაციიდან და კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას გასცდა

2026-03-04 20:56:06+04:00

მეხუთე დღე ,,ეპიკური მრისხანების’’ სახელით ცნობილი ოპერაციიდან და კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას გასცდა. საჰაერო იერიშების შედეგად, მოკლულ უზენაეს ლიდერს მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ. თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაკრძალვამდე სამგლოვიარო ცერემონია სამ დღეს გაგრძელდება. აიათოლა ალი ჰამენეისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზების გარდა, ირანი ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ემზადება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს. თუმცა, ახალი ლიდერი ოფიციალურად არჩეული არ არის, ჰამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერის ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნედ გამოაცხადა ისრაელმა. ავიაიერიშები ახალ მასშტაბებს იძენს. ირანის საჰაერო დარტყმებს თავდაცვითი ბერკეტების გამოყენებით პასუხობს ახლოაღმოსავლეთის ქვეყნები. დარტყმების გაძლიერებით იმუქრება ისრაელი. საერთაშორისო საზოგადოება კი კონფლიქტის დასრულების სურვილს გამოხატავს.