ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დააფიქსირეს. სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურდა. ღამით ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. პარალელურად აშშ ახორციელებს იერიშებს ირანის სამხედრო პოზიციებსა და ირანთან დაკავშირებულ ძალებზე, განსაკუთრებით იმ ობიექტებზე, რომლებიც საფრთხედ მიიჩნევა ამერიკული ინტერესებისა და ბაზებისთვის რეგიონში. საპასუხოდ ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით ისრაელის დასახლებული პუნქტების გარდა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საელჩოებს უტევს. ირანი დარტყმებს ახორციელებს სპარსეთის ყურის რეგიონშიც — მათ შორის იმ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე, სადაც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები. შედეგად, დაპირისპირება სცდება ორ ქვეყანას და სულ უფრო ფართო რეგიონულ მასშტაბს იღებს, რაც ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევად რჩება.