ომმა ირანში შესაძლოა, ლტოლვილთა უპრეცედენტო მასშტაბის გადაადგილება გამოიწვიოს და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნას - Palitra News

ომმა ირანში შესაძლოა, ლტოლვილთა უპრეცედენტო მასშტაბის გადაადგილება გამოიწვიოს და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნას

2026-03-05 13:40:07+04:00

ომმა ირანში შესაძლოა, ლტოლვილთა უპრეცედენტო მასშტაბის გადაადგილება გამოიწვიოს და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნას, - ასეთია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მოლოდინები. ანგარიშის მიხედვით, ომის შედეგად ირანის 90 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ის გადაადგილებაც კი, უპრეცედენტო მასშტაბის ლტოლვილთა ნაკადს შექმნის. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო წერს, რომ მართალია

ირანიდან ლტოლვილთა გადაადგილება ჯერ-ჯერობით შეზღუდულია, მაგრამ პოტენციური რისკის მასშტაბები მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი ჯერ მხოლოდ სპეკულაციურია და დევნილთა გადაადგილებისთვის თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გადაადგილებას გულისხმობს, ანალიტიკოსები ირანში შიდა სამოქალაქო დაპირისპირებას სულ უფრო შესაძლებლად მიიჩნევენ და ასახელებენ, როგორც მთავარ და გრძელვადიან რისკს, რომლის მოგვარების პერსპექტივაც ფაქტობრივად არაპროგნოზირებადია.

ირანიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ელოდება დიდი ბრიტანეთიც. მიგრაციის ექსპერტების მოლოდინით, ირანელებმა და ირანში მყოფმა დაახლოებით 2.5 მილიონმა იძულებით გადაადგილებულმა ავღანელმა, შესაძლოა, ირანი დატოვოს და მიგრაციული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს. Telegraph-ი იუწყება, რომ 2025 წელს ბრიტანეთს თავშესაფრის მოთხოვნით ირანის 7 419-მა მოქალაქემ მიმართა, რითაც ირანი მესამე ადგილს იკავებდა თავშესაფრის მაძიებელთა სამეუშლში, მას მხოლოდ პაკისტანი და ერითრეა უსწრებდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ირანელი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, მაგრამ ომს გამოქცეულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ბრიტანეთში ვერ ჩავა. ლტოლვილთა დიდი ნაწილი ირანში დაბრუნების იმედით, შესაძლოა, რეგიონში დარჩეს, ხოლო მეზობელი თურქეთი უახლოეს დანიშნულების ადგილად განიხილება. Türkiye Today-ი 2 მარტს წერდა, რომ ირანზე ამერიკისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, თურქეთმა ირანის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური საზღვრის კვეთა, ფაქტობრივად, შეაჩერა. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ოფიციალური სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები ღიაა და ამჟამად ირანიდან შესვლის უფლება მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს აქვთ. გუშინ, 4 მარტს, აზერბაიჯანმა ირანის საზღვართან ჯარები განალაგა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ირანის საზღვართან განთავსდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების წინააღმდეგ. საბრძოლო მზადყოფნაშია ავიაცია და სახმელეთო ჯარი. გაძლიერებულია სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლი.