რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ტურიზმზე?
თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ უკვე ჩანს საქართველოს მიმართ დაინტერესების კლება ისრაელიდან. როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ჭრილში მიმდინარე კონფლიქტი ყველაზე დიდ გავლენას ტურიზმის სექტორზე მოახდენს. კვლევის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს.
„ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაზე იქნება, საქართველოს ეკონომიკაში მისი მაღალი წილისა და შოკის მიმართ მგრძნობელობის გათვალისწინებით. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წილი ტურიზმში არსებითია, თუმცა არა დომინანტური. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ ან მოგზაურობენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში, შესაძლოა, არსებობდეს ზომიერი, თუმცა მაინც ნეგატიური გადამდები ეფექტები.
რეგიონული სიახლოვისა და საერთაშორისო დონეზე საერთო გაუარესებული განწყობების გამო, შესაძლოა, სხვა მიმართულებიდანაც გარკვეული შემცირება მოხდეს. 2025 წლის ივნისის მსგავსად, როდესაც არარეზიდენტი ტურისტების ხარჯები მკვეთრად შემცირდა, ახლა, უკვე ჩანს საქართველოსთან დაკავშირებული ძიებების კლება ისრაელიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული წლის ნოემბრიდან ტურიზმის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ზრდის ტემპის შენელებაზე ან გარკვეულ შემცირებაზე, თუმცა, არა მკვეთრი ვარდნის მოლოდინებზე შესაძლოა მიანიშნებდეს“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. გარდა ამისა, ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, დადებითი მიგრაციული ეფექტი გამოიწვიოს ისრაელიდან. წინა ესკალაციის დროს, ისრაელიდან ტურიზმის ხარჯები შემცირდა, მაგრამ ისრაელის არარეზიდენტების მიერ სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, მიგრაციის დადებით შედეგებს უკავშირდება. 2025 წელს ისრაელის მოქალაქეებმა საქართველოში რამდენჯერმე მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსებმა.//////
ნავთობის ფასი ისევ იზრდება, დღეს დილიდან ლონდონის ბირჟაზე, Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსები თითქმის 3%-ით გაიაზრდა და ბარელზე 83 დოლარი და 57 ცენტი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, გაიზარდა ჩრდილოამერიკული ნავთობის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 74 დოლარიდან თითქმის 77 დოლარამდე. გუშინ ნავთობზე ფასის ზრდა აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაციის მოლოდინმა შეაჩერა, რაც New York Times-ის რეპორტაჟმა განაპირობა. კერძოდ, გამოცემის თანახმად, ირანის დაზვერვის წარმომადგენლები არაფორმალური არხებით დაუკავშირდნენ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თეირანის მზადყოფნაზე მიუთითეს. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებები მეექვსე დღეა გრძელდება. ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები, რომლის გავლითაც გლობალური ნავთობის, დაახლოებით, 20% გადის, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ინვესტორები შიშობენ, რომ ეს ვითარება გაჭიანურდება. OPEC-ის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა ქვეყანამ ერაყმა, ნავთობის მოპოვება დღეში, თითქმის, 1.5 მლნ ბარელით შეამცირა, ანუ გაანახევრა, რისი მიზეზიც შენახვის შეზღუდული შესაძლებლობები და საექსპორტო მარშრუტების ნაკლებობაა. მეტიც, Reuters-ის ცნობით, თუ ექსპორტი არ განახლდება, ბაღდადი თითქმის, 3 მლნ ბარელის დღიურ წარმოებას რამდენიმე დღეში შეაჩერებს. საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ Saudi Aramco-ს, ნავთობის გადაზიდვები სპარსეთის ყურიდან წითელ ზღვაში გადააქვს. კერძოდ, კომპანია ნავთობის ექსპორტის გაზრდას წითელი ზღვის, ქალაქ იანბუს პორტიდან განიხილავს. ეს მოხდება Saudi Aramco-ს ოპერირების ქვეშ არსებული მილსადენით, რომლითაც ნედლი ნავთობი აღმოსავლეთით მდებარე საბადოებიდან დასავლეთით, წითელი ზღვისკენ გადაიქაჩება და რომლის სიმძლავრეც დღეში 5 მლნ ბარელია.J.P. Morgan-ის ანალიტიკური ჩანაწერის თანახმად, სპარსეთის ყურეში გადაზიდვების რისკის დონე კვლავ უკიდურესად მაღალია. ბანკის შეფასებით, ყურეში, დაახლოებით, 329 ნავთობტანკერია ჩარჩენილი. რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ბენზინის ფასზე საქართველოში? ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ფასის ზრდა ყოველდღიურად არის მოსალოდნელი. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი კატასტროფიული ზრდა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს იყო, როცა ერთი ლიტრი საწვავის ფასმა 4 ლარსაც კი გადააჭარბა