ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი თეირანის საელჩოსა და თავრიზის საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციას განახორციელებს - Palitra News

ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი თეირანის საელჩოსა და თავრიზის საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციას განახორციელებს

2026-03-06 14:35:52+04:00

აზერბაიჯანი ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე საელჩოს და ქალაქ თავრიზში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციას განახორციელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მითითებით მიიღეს.

„გუშინდელი დრონით თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასცა ყველა შესაბამისი ინსტრუქცია და გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები. ამავდროულად, აზერბაიჯანის უსაფრთხოების ზომები ყოველთვის უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული. როდესაც სამხედრო ოპერაციები ახლო მანძილზე მიმდინარეობს და რისკები იზრდება, შესაბამისად იზრდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციებიც გაიცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანულმა მხარემ დრონებით მომხდარი თავდასხმის გამოძიების პირობა დადო და აზერბაიჯანი გამოძიების შედეგებს დაელოდება.

„დაველოდებით გამოძიების შედეგებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.