ევროკავშირის ლიდერები საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზას კიდევ უფრო შორდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ემსახურება. ახალი კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობას მკაცრად არეგულირებს და გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ბუნდოვანმა ნორმებმა შესაძლოა სამართლებრივი გაურკვევლობა და შერჩევითი აღსრულების რისკი გაზარდოს.
ევროკავშირში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უკვე მოჰყვა შედეგები - მათ შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
კანონს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც. მისი განცხადებით, საქართველო, რომელიც ადრე აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა, დემოკრატიული განვითარების გზას შორდება.