ევროკავშირის ლიდერები საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას კიდევ უფრო შორდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ემსახურება. ახალი რეგულაციები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური აქტივობის საკითხებს მკაცრად არეგულირებს და გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს. ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანმა ფორმულირებებმა შესაძლოა სამართლებრივი გაურკვევლობა და შერჩევითი აღსრულების რისკი გაზარდოს.