გურიაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აღნიშნული ნივთები ნივთმტკიცებად არის ამოღებული. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.