საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა დამატებითი შერჩევის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე მოხდება.
ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება იმ საგნის ჩაბარება, რომელიც კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციისთვის არის განსაზღვრული. აბიტურიენტმა ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი.
პროფესიული პროგრამები მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ტურიზმს, მომსახურებას, მედიცინასა და მშენებლობას. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს.