გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ - შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით - არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს - Palitra News

გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ - შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით - არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს

2026-03-07 20:24:52+04:00

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.

სანიკიძე სუს-ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებასთან კითხვები თავადაც ჰქონდა, თუმცა, პასუხები ვერ მიიღო.

„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს",- განაცხადა სანიკიძემ.

მან ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა, მათ შორის იმას, შესაძლოა თუ არა, ის ბრალდებულის ამპლუაში აღმოჩნდეს.

გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომლის პოზიციაც ჯერ ცნობილი არაა. ასევე, გამოიკითხებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.