Shahed-ების მსგავსი სასიკვდილო ზუზუნი უკრაინისა და სპარსეთის ყურის თავზე გვახსენებს, რომ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„სინამდვილეში, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომი და რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვა ერთი ომის ორი თეატრია“, - აცხადებს სიბიგა.
მისი განცხადებით, მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები განუყოფელია.
„მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები განუყოფელია: ისინი ერთად მუშაობენ, იზიარებენ რესურსებს, იარაღსა და ტექნოლოგიებს. ისინი წარმოადგენენ ერთსა და იმავე საფრთხეს უკრაინისთვის, ევროპისთვის, შეერთებული შტატებისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისთვის. ამიტომ, მათგან ეფექტური დაცვაც კოლექტიური უნდა იყოს. ჩვენ, უკრაინაში, ეს გვესმის - სწორედ ამიტომ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სიცოცხლის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც“, - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, საჭიროა მტკიცე ქმედებები საერთო საფრთხეების წინააღმდეგ როგორც უკრაინაში, ასევე სპარსეთის ყურეში.
„ჩვენი პარტნიორებისგან იგივე რეალისტურ მიდგომას ველით. გვჭირდება მტკიცე ქმედებები საერთო საფრთხეების წინააღმდეგ, როგორც უკრაინაში, ასევე სპარსეთის ყურეში. ამ გლობალური ფრონტის გასწვრივ სიცოცხლის დაცვის გაძლიერება ყველას უსაფრთხოებას აძლიერებს“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი განცხადებით, ირანის მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა მოხდეს, პირიქით, ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„უკრაინის მხარდაჭერაში შეჩერება არ უნდა მოხდეს - ეს მხარდაჭერა არის ინვესტიცია, რომელიც საერთო ძალად გარდაიქმნება. მოსკოვისა და თეირანის რეჟიმებს ერთი რამ აერთიანებთ: მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით“, - წერს სიბიგა.