ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება - Palitra News

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

2026-03-09 14:30:00+04:00

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ამ ეტაპზე, დელეგაცია შეხვედრას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებთან მართავს.

შეხვედრას ესწრებიან: ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, ნიკა გვარამია, გიორგი ბუტიკაშვილი და თენგო თევზაძე. პოლიტიკოსებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრა გამართა პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღნიშნულ შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, აღნიშნული დელეგაციის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა. ამის შემდეგ დელეგაციის წევრებმა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.

ცნობისთვის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.