ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე - მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, რა მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორში - Palitra News

ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე - მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, რა მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორში

2026-03-09 14:47:01+04:00

საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, კონსტრუქციული - მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე, რა მდგომარეობაა ჩვენს სექტორში - სამოქალაქო სექტორში,- ასე აფასებს ISFED-ის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრას.

ნატროშვილის თქმით, შეხვედრაზე დისკუსია ასევე, შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო.

„მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე, რა მდგომარეობაა ჩვენს სექტორში - სამოქალაქო სექტორში. ამაზე გვქონდა ძირითადად დისკუსია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს, რაზეც ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია. საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, კონსტრუქციული.

ცხადია, ბოლო დროს მიღებულ კანონებზეც ვისაუბრეთ. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების იმ საკითხს შევეხეთ, რომელიც ბოლოს შევიდა, წინა კვირას.

ჩვენი დამოკიდებულება ისაა, რომ სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან იდგმება, აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს. თქვენ ხედავთ, რომ შეზღუდვები, რაც დაწესდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო იზრდება და იზრდება დროსთან ერთად. ფაქტობრივად, დემოკრატიას უფრო მეტად ახრჩობს ამ ქვეყანაში. ამის შესახებ გვქონდა ჩვენ საუბარი, კონკრეტულად რა პრობლემებია სხვადასხვა ჯგუფთან დაკავშირებით. ასევე, როგორ ზღუდავს ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა, მათი აღსრულება, ამ სამოქალაქო სივრცეს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს გამოსწორდეს“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.