„შარლ მიშელი 2“ არ იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაციები გაცვალეს იმის შესახებ, რაც ხდება ქვეყანაში.
„მაგალითად: ვუთხარით, რომ ჩვენ ველოდებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღგვიძრანო. ეს არ არის მკითხაობა და უბრალოდ მოსაზრება, ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით იმ ადამიანებს და ახლა ვინც შევიდა იმ ადამიანებსაც, ე.წ. საბოტაჟის საქმეში. ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია იქამდე, სანამ პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონ და მიიღონ რაღაც სანაცვლოდ... ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს და ვერც იქნება.
როცა მეგობრები ციხეში გვყავს და არამხოლოდ მეგობრები, პირადი და პოლიტიკური, არამედ უამრავი ადამიანი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა ჩემ მიერ, რა უფლება გვაქვს საერთოდ ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ, ან ვის აქვს უფლება რომ ჩვენ ეს მოგვიწოდოს. არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ნაცემი, მოწამლული ხალხი და არავინაა დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, - განაცხადა გვარმიამ.
გარდა ამისა მან ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კითხვაზე განიხილება თუ არა ალიანსის ფარგლებში ერთი პარტიისა და ერთი ლოგოს ქვეშ გაერთიანება, გვარამიამ უპასუხა, რომ „არა!“
„არ განიხილება! თუ ვინმეს აქვს ეს მოსაზრება და შესაბამისად სურვილი, ეს სხვა საკითხია“,- განაცხადა მან.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გვარამიამ ისაუბრა ალიანსის შემადგენლობაში იმ ადამიანების ყოფნაა, რომელთაც წარსულში ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონიათ.
„ყველაფერი არ მოსულა, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილთანაც შეიძლება დალაპარაკება, ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად, მისთვის რაღაც ტიპის გარანტიებზე და ა.შ. ესეც კი მოსულა. არც მიცდია, რომ ვინმესთვის რამე დამემტკიცებინა. მე არასდროს ვამტკიცებ ვინ არ ვარ, მე ყოველთვის ვლაპარაკობ ვინ ვარ“,- განაცხადა გვარამიამ.