შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ? - ამის კითხვით ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქმის პროკურორს მიმართა.
ელისაშვილის თქმით, მასთან ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ.
„ერთი კითხვა მაქვს, როცა დამაკავეს, ჩემს სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მეუღლის და შვილების ლეპტოპები წაიღეს, როდის დაუბრუნებთ? ჩემს ლეპტოპში ძველი თბილისის ფოტოები მაქვს, არ წამიშალოთ.
ორჯერ ამიკრძალეს დარეკვა ციხიდან, რომ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოვახდინო. მოწმეები არიან მანდატურები, მათთან ჩხუბის კადრები წარმოდგენილია, ზეწოლაც რომ მოვახდინო, იმ კადრებს ხომ ვერ წაშლით?
ციხეში ცოლ-შვილი რომ შემოვიდეს, მოწმეზე ზეწოლა როგორ უნდა მოვახდინო, ტექნიკურად ამიხსენით. ეს არის სადიზმი. ჯერ ხომ ციხეში გამომამწყვდიეთ, გინდოდათ ჩემზე შური გეძიათ? კი ბატონო, ხომ ვზივარ ჩუმად. მკაცრი რეჟიმია, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ თავს, ეს სადიზმი რა უბედურებაა? შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ? სხვა რამე ამიკრძალეთ, ციხეში ვარ",- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.