თინა ბოკუჩავა - ეუთოს დელეგაციას ძალიან კარგად ესმის და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს, გამოწვევები უნდა გადაილახოს, რომ მივიდეთ შესაძლებლობამდე - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ეუთოს დელეგაციას ძალიან კარგად ესმის და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს, გამოწვევები უნდა გადაილახოს, რომ მივიდეთ შესაძლებლობამდე

2026-03-09 17:50:18+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში „უამრავი პოლიტპატიმარია“ და „რეპრესიული კანონების“ მიღება გრძელდება, დიალოგის სივრცე არ არსებობს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კერძოდ, ბოკუჩავას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქცია დიალოგის სივრცის ძიებაა, თუმცა მათ ოპოზიციამ განუმარტა, რომ დღეს არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს.

მისივე თქმით, თავდაპირველად ქვეყანაში არსებული გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა.

„ბუნებრივია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის დიალოგის სივრცის ძიება. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა ქვეყანასთან მიმართებით მათი ფუნქცია და მისიაა, თუმცა ძალიან კარგად ესმით და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ, ქვეყანაში გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი მეტი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება და არ არსებობს პირობები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, ბუნებრივია ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს. ამიტომ გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.