სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანის გეგმა მხოლოდ დააჩქარებს „ქართული ოცნების“ დასრულებას - ეს პარტია შესულია უკიდურეს ჩიხში - Palitra News

სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანის გეგმა მხოლოდ დააჩქარებს „ქართული ოცნების“ დასრულებას - ეს პარტია შესულია უკიდურეს ჩიხში

2026-03-09 18:16:55+04:00

„ქართული ოცნება“ შესულია უკიდურეს ჩიხში - თუ გააგრძელებენ სისულელეების კეთებას და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ მათ საერთაშორისო იზოლაციას გააღრმავებს , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის კორექტირებასთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ დასრულებას დააჩქარებს“.

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ შესულია უკიდურეს ჩიხში. ვხედავთ, როგორი სასოწარკვეთილები ცდილობენ დაარწმუნონ, უპირველესად, საკუთარი მომხრეები, თითქოს, რაღაც რესურსი აქვთ, რომ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდნენ. ეს იზოლაცია სახიფათო რომ არის საქართველოსა და მისი თითოეულო მოქალაქისთვის, ამას ყველა ხვდება. მათ შორის, ის ხალხი, ვინც თუნდაც, მხარი დაუჭირა „ოცნებას“ წინა არჩევნებზე. თუ ისინი გააგრძელებენ ამ სისულელეების კეთებას და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ მათ საერთაშორისო იზოლაციას გააღრმავებს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში - „ქართული ოცნების“ დასრულება და ქვეყანაში დემოკრატიული მართვის სისტემის აღდგენა, რაც შეიძლება სწრაფად“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, კობახიძის აღნიშნული განცხადების მერე, ხომ არ იფიქრებენ ის პარტიები, ვინც არ შეუერთდა „ოპოზიციურ ალიანსს“, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალაა ხელისუფლებისთვის“. სამადაშვილის თქმით, „ქართველი ხალხისაა ვერდიქტი, როგორ შეაფასებენ სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს“.

„ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. წარმატებას ვუსურვებ ყველა ოპოზიციურ დაჯგუფებას, თუ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას, ვინც უპირისპირდება რეჟიმს. ქართველი ხალხის და ამომრჩევლის შესაფასებელი იქნება საბოლოოდ, მათია ვერდიქტი, როგორ შეაფასებენ სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს. მთავარია, ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით გააკეთოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი”, - განაცხადა სამადაშვილმა.

პოლიტიკოსმა უპასუხა კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ „გახარიას პარტია ისევ არ არის ასაკრძალი პარტიების სიაში“. სამადაშვილის თქმით, „სანამ ეს რეჟიმი მართავს ჩვენს ქვეყანას და სანამ რეჟიმი არ გახდება იძულებული, რომ დაუბრუნდეს ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებს, ძალიან პირობითია ის, ვინ რას ექვემდებარება დღეს“.

„ჩვენ არასდროს არ ვიცით, ხვალ რას გადაწყვეტს ეს რეჟიმი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“.