ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა - თურქეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა მას შემდეგ გაანადგურეს, რაც ის თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ, უარყო ინფორმაცია, რომ ირანი თურქეთის, აზერბაიჯანის ან კვიპროსის წინააღმდეგ რაიმე სახის თავდასხმას გეგმავდა - მან გავრცელებულ ცნობებს „ცრუ დროშის ოპერაცია“ უწოდა.
ამავდროულად, ირანსა და ისრაელს შორის საჰაერო დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია. ბოლო მონაცემებით, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა ისრაელის სამხრეთ რეგიონებს, რის საპასუხოდაც ისრაელი აქტიურ ავიადარტყმებს ახორციელებს როგორც თეირანის ცენტრში, ისე დასავლეთ ლიბანში. მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, შეერთებული შტატები ირანის საზღვაო ძალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს.