სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება, რითაც მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდა დაეკისრათ, ძალაში დატოვა - Palitra News

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება, რითაც მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდა დაეკისრათ, ძალაში დატოვა

2026-03-10 17:31:21+04:00

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8 392 827 ლარი განუსაზღვრა. ამასთან, ამ თანხის გარდა, მიხეილ სააკაშვილს დამატებით 631 540 ლარის გადახდაც დაევალა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.