ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც მორიგი რეზოლუციის მიღებაც იგეგმება.
დებატების თემა იქნება „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში“. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციას კენჭს 12 მარტს უყრიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დისკუსიის გამართვა გასაკვირი არ არის, რადგან მათი შეფასებით ქვეყანაში პოლიტპატიმრები ნამდვილად არსებობენ. მათივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მსგავსი რეზოლუციები პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა და მათ უკვე „მაკულატურად“ მოიხსენიებენ.