რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე ავიაიერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. იერიშის შედეგად დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და დაახლოებით ათი ავტომობილი. პარალელურად კრემლში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. მისი თქმით, მოსკოვი მუდმივ კონტაქტში რჩება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, გადაიდო.