საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის და ფორმის გამოყენება, იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას. უნდა გადავჭრათ ორი მთავარი პრობლემა: სამართლიანი არჩევნების საკითხი და მეორე - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური საქმეების და პროცესების შეწყვეტა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
„ეუთო არ არის გამონაკლისი, რომელიც ხვდება, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, ურთიერთგანადგურების რეჟიმში მყოფმა პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკამ და ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გამოსავალი.
ეს არის შესაბამისი პოლიტიკური პროცესის და კომუნიკაციის დაბრუნება, რაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად, მაშინ როდესაც რეგიონში მიმდინარეობს უმძიმესი კონფლიქტები, პოლიტიკური დაპირისპირებები. ამ ვითარებაში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
ამისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის და ფორმის გამოყენება. იმისთვის რომ ეს კრიზისი გადაიჭრას, უნდა გადავჭრათ მთავარი ორი გამომწვევი მიზეზი: სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური საქმეების და პროცესების შეწყვეტა პოლიტიკურ ველზე. ამ ორი საკითხის გარშემო დიალოგი, ერის კონსოლიდაცია გადამწყვეტად მიგვაჩნია“, - აღნიშნავს კუპრაძე.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო მოუწოდებს ყველა მხარეს, კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენისკენ მიმართული პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ.
„ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება“, - აღნიშნავს ასამბლეის პრეზიდენტი.
გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% გაატარეს ციხეში.
პერე ჟოან პონს სამპიეტრომ აღნიშნა, რომ „ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული“.