ახლო აღმოსავლეთში სამ ქვეყანას შორის დაწყებული კონფლიქტი გრძელდება. ისრაელი ირანი და აშშ სამხედრო მოქმედებებს განაგრძობენ. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან პრაქტიკულად სამიზნედ არაფერი დარჩა. ისრაელის მხარე კი განმარტავს, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი არ შესრულდება და გამარჯვებით არ დასრულდება. კონფლიქტში მყოფი მოკავშირე ქვეყნების ლიდერების განცხადებების ფონზე კი, ირანის გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ განმარტა, რომ კონფლიქტის გაგრძელებისას აშშ უნდა მოემზადოს ბარელზე 200 დოლარის ფასისთვის და დასძინა, რომ მას ხელოვნური ზომებით ფასების კონტროლი არ შეუძლია. ამავდროულად, გავრცელებული ცნობით, 32 წევრი ქვეყანა ერთხმად დათანხმდა საგანგებო რეზერვების ბაზარზე განთავსებას. ნავთობის განთავსება განხორციელდება თითოეული წევრი ქვეყნის ეროვნული გარემოებების შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში.