ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ ღუდუშაურის დღევანდელი ჩვენების შემდეგ, შესაძლოა, ბრალდების მხარეს, საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.
„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. როგორც მოწმემ განმარტა, მისთვის, ამ ჩვენების მიცემა განაპირობა, საქმის მასალების გაცნობამ, მათ შორის ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმების გაცნობამ. ჩემთან კონსულტაციის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ სიმართლე ეთქვა და ოქტომბერში მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და ახლა გირაოს ქვეშაა.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური დიალოგი არ გვაქვს, არც არაოფიციალური, მაგრამ მზაობა და სურვილი არის ნებისმიერი ბრალდებულის, რომ საშეღავათო პირობებით დასრულდეს საქმე.
ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.
დღევანდელი ჩვენების შემდეგ შესაძლოა, მივმართოთ საპროცესო შეთანხმებისთვის, ბრალდების მხარეს“, - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.