„საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება“, - ასეთია აუდიტის დასკვნა მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, 2022-2023 წლების პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში საუბარია მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში გამოვლენილ დარღვევებზე. აუდიტის თანახმად, ა(ა)იპ-ების დაფინანსების პროცესი ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ იყო დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. „თანხები დახარჯულია არარაციონალურად; მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული დუბლირებული ფუნქციისა და მსგავსი პროფილის ა(ა)იპ-ების დამოუკიდებლად არსებობა; სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურა/საშტატო განრიგი და დასაქმებულების ფუნქცია-მოვალეობები არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური გამოყენება მოხდა. ასე მაგალითად, რუსთავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – რუსთავის მუნიციპალური არქივი, რომლის მიერ მიღებულმა დაფინანსებამ 2022-2023 წლებში 240 ათას ლარს გადააჭარბა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რატომ არის საჭირო ორგანიზაციის არსებობა ცალკე ა(ა)იპ-ად, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებში არქივის წარმოებას ახორციელებენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურები. საინტერესოა ფოთის არა ერთი შემთხვევა, აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი, რომლის სუბსიდიამ 2022-2023 წლებში 2,5 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ამ აიპში დასაქმებული იყო 93 ადამიანი, საიდანაც 32 პირი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებას ემსახურებოდა და მათ გარდა აიპი-ს კიდევ 61 სპეციალისტი ჰყავდა რომელთა ხელფასებზეც 707 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მოკლედ, როგორც ჩანს სოციალურად დაუცველების ხარჯზე საბიუჯეტო ფულის მიტაცება საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებული პრაქტიკაა. ასე მაგალითად, 2022-2023 წლებში ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფუნქციონირებდა როგორც : ა(ა)იპი − ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ასევე ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი. ამ პერიოდში ა(ა)იპ-ების სუბსიდიამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებულია სულ 28 თანამშრომელი და ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში. შესაბამისად, ისმის შეკითხვა, რა საჭიროა ერთ ქალაქში ორი იდენტური ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება და ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა. აუდიტმა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში ზოგიერთი დასაქმებულის ფუნქცია მოვალეობები არ არის კონკრეტული, ან ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა უბრალოდ არ აქვთ. ასე მაგალითად ვანის მუნიციპალიტეტს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრში 22 სპეციალისტია დასაქმებული , სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებაში კი 12. აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები თუ რას აკეთებს სენაკის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის 10 სპეციალისტი, „ხაშურის მუნიციპალიტეტის წყლისა და გამწვანების კომპანიაში“ − 1 სპეციალისტი და ხაშურ სერვისში“ − 3 სპეციალისტი. თუმცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვვიდან ჩანს, რომ ამ დასაქმებულების ხელფასებზე 2022-2023 წლებში 339 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ასე, რომ აუდიტის სამსახური, მხოლოდ 2022-2023 წლებში, ბიუჯეტიდან უბრალოდ გაფლანგულ მილიონიბით ლარზე საუბრობს თავის დასკვნაში.