ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გამო რეგიონული ტურიზმის ინდუსტრია ყოველდღიურად 600 მლნ დოლარს კარგავს. ამის შესახებ Financial Times-ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს. არადა სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო აკეთებდა პროგნოზს, რომ წელს ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ტურისტები, დაახლოებით, 207 მლრდ დოლარს დახარჯავდნენ. ტურიზმის სექტორი ფრენების გაუქმებით, საჰაერო სივრცის დახურვითა და პოტენციურ ტურისტებში გაზრდილი შეშფოთებით დაზარალდა, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნების მისამართით ირანის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დარტყმებით არის განპირობებული. ფაინენშელ თაიმსი წერს, რომ მხოლოდ დუბაიში 2-6 მარტის კვირაში 80 000-ზე მეტი მოკლევადიანი განთავსების ჯავშანი გაუქმდა. რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი, როგორიც არის აბუ-დაბის, დუბაის, დოჰას და ბაჰრეინის აეროპორტები, როგორც წესი, ყოველდღიურად 500 000-ზე მეტ მგზავრს ემსახურება. თუმცა გასულ კვირას ფრენების გაუქმების გამო, რაც ხუთი დღე გაგრძელდა, ახლო აღმოსავლეთში, დაახლოებით, 4 მლნ ტურისტი ჩარჩა. FT-სი იხსენებს, რომ წინა სამხედრო კონფლიქტების შემდეგ რეგიონის ტურიზმის ინდუსტრია შედარებით სწრაფად აღდგა. მაგალითად, ანალიტიკური კომპანია CoStar-ის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში, დოჰაზე ისრაელის თავდასხმიდან მომდევნო კვირას კატარში ხელმისაწვდომი ნომრის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ზრდა ერთ თვეზე ნაკლებ დროში განახლდა. ამას იურიდიული კომპანია Goodwin იმით ხსნის, რომ „მოგზაურებს, როგორც წესი, უფრო მოკლე მეხსიერება აქვთ, ვიდრე ინვესტორებს.“