პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე - საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს - Palitra News

პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე - საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

2026-03-12 14:57:24+04:00

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის - არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთ ბრალდებულს აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურისთვის არ მიუმართავთ, თუმცა მიმართვის შემთხვევაში უწყება, აღნიშნულ განცხადებას განიხილავს.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ვლადიმერ ღუდუშაურს, ისე სხვა ბრალდებულებს შეუძლიათ, რომ მოგვმართონ. დღეის მდგომარეობით, არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

თუმცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით სურვილი რომ აქვთ, ამას დიდი ხანია აცხადებენ, თუმცა განცხადებით არ მოგვმართავენ. მომართვის შემთხვევაში კი განცხადებას აუცილებლად განვიხილავთ, ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება სურთ თუ არ სურთ, ესეც საუბრის დონეზეა“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ ღუდუშაურის გამოკითხვას, პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით მიმდინარეობდა და ამაში ჩართული იყო, მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვლადიმერ ღუდუშაური დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა ის, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით მიმდინარეობდა, ამაში ასევე ჩართული იყო მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ყველაფერი აღიარა ბრალდებულმა.

რაც შეეხება სატენდერო კომისიის მუშაობას, ყველა მოწმემ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ კომისიასთან და სასამართლოში გამოიკითხნენ დაადასტურეს, რომ კომისია ფორმალურად ტარდებოდა, კომისიის წევრები ერთმანეთს არ ხვდებოდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელს ფორმალურად აწერდნენ“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.