ადვოკატი - ნათელია, რომ გივი თარგამაძე იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა - ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა - Palitra News

ადვოკატი - ნათელია, რომ გივი თარგამაძე იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა - ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა

2026-03-12 15:10:22+04:00

ნათელია, რომ თარგამაძე იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა - ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სუს-თან განუცხადა.

როგორც ადვოკატმა უწყებაში თარგამაძის გამოკითხვის დასრულების შემდგომ აღნიშნა, „ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველას ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს“.

„ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები. ნათელია, რომ გივი იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა. რაც შეეხება საფრთხეებს, რასთან დაკავშირებითაც დაკითხვის დროს უშუალოდ მიდიოდა ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება - ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის, აქ მყოფი ჟურნალისტების, ოპერატორების, გამვლელი ადამიანების, აქ მომუშავე ხალხის თუ აქ დაკითხული პირების, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველას ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს. ამასთან ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი გარე ჩარევისგან“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.