ევროპარლამენტი დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და სხვა პირების დაკავებას. დოკუმენტით ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დააწესონ მიზნობრივი სანქციები. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას. ხელისუფლებისთვის რეზოლუციაში გამოთქმული მოსაზრებები მიუღებელია, რადგან მათი განმარტებით, შეხედულებები ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობა.