ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში ადამიანის უფლებების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა დემოკრატიულ გარემოზე ნეგატიური გავლენა იქონია. ანგარიშში ყურადღება ეთმობა საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკას, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს, ასევე სამართალდამცავი უწყებების მოქმედებებს. მმართველი გუნდი საერთაშორისო შეფასებებს პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს. მათი თქმით, ანგარიში სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ქვეყანაში უფლებების გაუარესებასა და ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემაზე მიუთითებს. მათი თქმით, ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და პოლიტიკური პროცესების გადატვირთვა. რამდენად შეიძლება გახდეს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის დასკვნები საერთაშორისო სამართლებრივი ან პოლიტიკური პროცესების დაწყების საფუძველი და რა ბერკეტები აქვს ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებას?!