მედია - ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად აშშ-ის საწვავის შემავსებელი ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა - Palitra News

მედია - ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად აშშ-ის საწვავის შემავსებელი ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა

2026-03-14 11:44:57+04:00

ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად აშშ-ის საწვავის შემავსებელი ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, თვითმფრინავები რამდენიმე დღის წინ ირანის მიერ საუდის არაბეთში, პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ირანის დარტყმების შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.

ასევე, მათი ცნობით, თვითმფრინავები სრულად არ განადგურებულა და ახლა მათი შეკეთება მიმდინარეობს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.

„ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, ხოლო მეორე უსაფრთხოდ დაეშვა. ეს მტრის ან მეგობრული ცეცხლით გამოწვეული არ ყოფილა“, - აღნიშნა CENTCOM-მა.