დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა - Palitra News

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

2026-03-14 12:58:52+04:00

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება.

გამოძიების მიხედვით, 10 მარტს სოფელ ბაგაში ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის დროს საფრთხე შეექმნა გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც.

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის რამდენიმე ქვეპუნქტით წარედგინათ - ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.