შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა

2026-03-14 19:02:08+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური მოინახულა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა მინისტრს სტრატეგიული ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით შესრულებული სამუშაოები გააცნო. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ სამართალდარღვევების პრევენცია და სტრატეგიული ობიექტების დაცვა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. მინისტრმა ასევე დაათვალიერა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში ახლად გარემონტებული შენობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მინისტრთან ერთად დანაყოფებში მისი მოადგილეები მარიამ ტაბატაძე და შალვა თადუმაძე იმყოფებოდნენ.