როგორც ცუდი პატრონი ექცევა შინაურ ცხოველს, ისე ექცევა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის გუნდის შიგნით არარაობებსაც, რომელთა ნაწილი ახლა ციხეში ჰყავს,- ამის შესახებ „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხდება.
„არანაირი მნიშვნელობა ივანიშვილის რომელიმე არარაობის სიტყვებს არ აქვს. ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმით" აღწერილი სურათი, ასახავს მძიმე რეალობას, რომელიც რეჟიმმა ქვეყანაში შექმნა და ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, საერთაშორისო იზოლაციაში, ქვეყნის შიგნით კი მორალურ იზოლაციაში და ახლა ამის გამოსწორებას ადამიანების დასჯით ცდილობს, რომლებიც მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. მხოლოდ იმ რეჟიმმა შეიძლება მიიღოს მავნებლური და აბსურდული კანონი (ვინც მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, იმას რომ იჭერს), ვისაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია ერთი გზით, ივანიშვილისა და ყველა მისი არარაობის ძალაუფლებიდან ჩამოშორებით. დიალოგი შესაძლებელი იქნება, მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც ისინი თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხდებიან და ამის წინაპირობა არის არა მარტო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ძალადობაში მხილებულთა დასჯა, არამედ მთლიანი ატმოსფეროს შეცვლა.
საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ ხელისუფლებაში ჰყავდეს ის, ვინც ქვეყნის ინტერესებს იცავს და არა ერთი ადამიანის, ივანიშვილის ძალაუფლებას და ფულს. ამ ძალაუფლებისთვის და ფულისთვის, ეს ხალხი ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყნის მომავალს ღალატობს და მარტოს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე, იზოლირებულს მთელი თავისუფალი სამყაროსგან და ქვეყნის შიგნით დემორალიზაციასა და დეზორიენტაციას ცდილობს.
როგორც ცუდი პატრონი ექცევა შინაურ ცხოველს, ისე ექცევა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის გუნდის შიგნით არარაობებსაც, რომელთა ნაწილი ახლა ციხეში ჰყავს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.